ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, დღეს მასწავლებლის სახლში კონფერენცია „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა.
კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ და ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ია თიკანაძემ გახსნეს.
კონფერენციის მიზანია მასწავლებლებმა ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ. გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროპული პროექტები მათ სთავაზობს.
სემინარში მონაწილეობისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რეგისტრაცია მაისის დასაწყისში გამოაცხადა, რომლის შედეგად, თბილისიდან და რეგიონებიდან გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 70 პედაგოგი შეირჩა. სემინარის ფარგლებში ასევე ეწყობა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებულ კედლის გაზეთების კონკურსის „ჩემი ევროპული მომავალი“ ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიება ორი დღე გაგრძელდება.