შეხვედრის მიზანი იყო განათლების სისტემაში შემავალი სკოლა-პანსიონების სააღმზრდელო ნაწილის ბავშვზე ზრუნვის სტანდარტის საორიენტაციო ჩარჩოსა და პანსიონური მომსახურების ლიცენზიის გაცემის წესის ძირითადი საკითხების შეთანხმება, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #66 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტი ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესახებ“ არ ვრცელდება განათლების სისტემაში არსებულ სასწავლო-სააღმზრდელო სპეციალიზირებულ დაწესებულებებზე. მხარეები შეთანხმდნენ უწყებათაშორის თანამშრომლობაზე, რათა მოხდეს ერთიანი სახელმწიფოებრივი ჩარჩოს შენარჩუნება და ზრუნვის სტანდარტი სპეციფიკის გათვალისწინებით გავრცელდეს ყველა სკოლა-პანსიონზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები - ლია გიგაური, გიორგი შარვაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი, სახალხო დამცველის აპარატის, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლები.