საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ სასკოლო კონკურსის - „ფოტოსინთეზი“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) დირექტორი ნანა ჯანაშია და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ფინალურ ტურში მოსწავლეებმა საუკეთესო ფოტოები წარმოადგინეს, სადაც 3 საუკეთესო ფოტოს ავტორი, 3 სკოლის საუკეთესო სტენდი და სხვადასხვა კომპანიების მიერ შერჩეული ფავორიტი ფოტოების ავტორები დაჯილდოვდნენ.
გამარჯვებული ფოტოების ავტორები გახდნენ:
I ადგილი - სალომე ვაწაძე (ბუგეულის საჯარო სკოლა)
II ადგილი - ნათია ციგრიაშვილი (დუშეთის #1 საჯარო სკოლა)
III ადგილი - შოთა მაყიშვილი (თბილისის #117 საჯარო სკოლა).
მათ საჩუქრად ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიები, ფოტოაპარატი, პლანშეტი და პორტატული კომპიუტერი გადაეცათ. ხოლო საუკეთესო სტენდისთვის სამ საჯარო სკოლას „მწვანე სკოლის“ დროშა მიენიჭა „საზაფხულო სკოლების“ მუდმივი მონაწილის სტატუსით.
თავის მხრივ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოავლინა სამი ფავორიტი ფოტოს ავტორი: შაქრო მურმანიშვილი (ილია ჭავჭავაძის სახელობის #3 საჯარო სკოლა, სამცხე-ჯავახეთი), მიხაილ შინგაზრდილოვი (თელავის #2 საჯარო სკოლა, კახეთი) და თინათინ ბაქანიძე (ლიხაურის საჯარო სკოლა, გურია). თამარ სანიკიძემ მათ წამახალისებელი პრიზები გადასცა. ასევე, კონკურსის ერთ-ერთი ყველაზე პატარა მონაწილე, თათია გორგოძე (თბილისის #149 საჯარო სკოლა) მინისტრმა ფოტოსესიისთვის სამინისტროში მოიწვია.
კონკურსი გასული წლის დეკემბერში გამოცხადდა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რაიონის საჯარო სკოლების 3 000-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. საუკეთესო სტენდისთვის სამი საჯარო სკოლის მოსწავლეები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს სამ დაცულ ტერიტორიას ეწვევიან.
პროექტის ორგანიზატორები კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები არიან.