პირველად საქართველოში მრავალპროფილიანი, მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული საუნივერსიტეტო კლინიკა ამოქმედდა, სადაც სტუდენტები და რეზიდენტები, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ, აკადემიურ პერსონალს კი, თანამედროვე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემა.
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო მრავალპროფილიანი კლინიკა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან თამარ სანიკიძესთან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან ერთად გახსნა. კლინიკა გათვლილია 185 საწოლზე და აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით, რადიოლოგიური დიაგნოსტიკისა და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევებისათვის საჭირო აპარატურით.
საუნივერსიტეტო კლინიკაში მზადებას გაივლის და პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს დაეუფლება 6000–ზე მეტი ქართველი და 2000–მდე უცხოელი სტუდენტი. ამასთანავე, საუნივერსიტეტო კლინიკა, სადაც 600 თანამშრომელი დასაქმდა, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს არამარტო თბილისის, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას.
სასწავლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, სამინისტრო არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის (ყოფილი მე-8 საავადმყოფო) გამართვა და აღჭურვა. კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური ექიმების და ექთნების მოსამზადებლად აუცილებელია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო კლინიკის არსებობა.
საუნივერსიტეტო კლინიკა უზრუნველყოფს სტუდენტთა განათლების დონის ამაღლებას, პრაქტიკული უნარ–ჩვევების შეძენას და კლინიკური გამოცდილების მიღებას, რაც ასე მნიშვნელოვანია მედიცინის სფეროში მომავალი დასაქმების და წარმატებული საქმიანობის თვალსაზრისით.
კლინიკაში, რომელიც ადაპტირებულია სასწავლო მიზნებისათვის, განთავსდა 20–მდე კლინიკური დეპარტამენტი/მიმართულება (კათედრა), რომელთა განკარგულებაშია 5 სალექციო აუდიტორია და 70 სასწავლო ოთახი. საუნივერსიტეტო კლინიკაში, სტუდენტებთან ერთად, პროფესიულ მზადებას გადიან რეზიდენტებიც.
კლინიკაში ფუნქციონირებს შემდეგი სამსახურები: გადაუდებელი მედიცინის სამსახური (EMERGENCY); კლინიკური ლაბორატორია; რადიოლოგიური დიაგნოსტიკა (რენტგენი, ენდოსკოპია, ექოსკოპია, კოპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია); ამბულატორია; ტრანსფუზიოლოგიური სამსახური; ქირურგიული პროფილის სამსახურები; ნეიროქირურგია; ტრავმატოლოგია; ყბა-სახის ქირურგია; უროლოგია (ლაპარასკოპიით); ოტორინოლარინგოლოგია; თვალის სნეულებები; მეან-გინეკოლოგია (ლაპარასკოპიით); თერაპიული პროფილის სამსახურები; ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგია; საოპერაციო ბლოკი 2 (ორი) გადაუდებელი და 5 (ხუთი) გეგმიური საოპერაციოთი. საუნივერსიტეტო კლინიკის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე და კლინიკის აღჭურვაზე დაახლოებით, 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარი დაიხარჯა. “ეს არის ჩვენი მთავრობის და სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებეული ერთობლივი პროექტი, რომელიც უკვე დაჯდა 20 მილიონი, საბოლოო ჯამში დაჯდება 25 მილიონი. 5 მილიონი ჩვენ ბიუჯეტიდან გამოვყავით” - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს პრემიერ მინისტრის თავმჯდომარეობით კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს მეორე გასვლითი სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა იმსჯელეს მეცნიერების განვითარების კონკრეტულ ნაბიჯებზე, მათ შორის, უნივერსიტეტებში არსებული კვლევითი დაწესებულებების ავტონომიურობისა და მეცნიერების სტატუსის განსაზღვრის გზებზე. სხდომაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმ გეგმაზე, რომლის საშუალებითაც კვლევითი დაწესებულებები ჩაერთვებიან უნივერსიტეტების საქმიანობაში სადოქტორო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კუთხით.
კვლევებისა და ინოვაციების საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნესის წარმომადგენლები და ცნობილი ქართველი მეცნიერები.