საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გურჯაანის რაიონის სოფელ ზეგაანში რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა და პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა.
სოფელ ზეგაანში დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებს. ნახევარსაუკუნოვან შენობას წლების მანძილზე რემონტი არ ჩატარებია, მოშლილი იყო ყველა კომუნიკაცია და პატარებს გაუსაძლის პირობებში უხდებოდათ სწავლა.
სამინისტროს ძალისხმევით, ზეგაანის სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო სველი წერტილები, ცენტრალური გათბობა, სკოლა გაზიფიცირდა და აღიჭურვა. მინისტრმა სკოლას ახალი საკლასო დაფებიც ჩაუტანა და მალე სპორტული დარბაზის მოწყობასაც დაჰპირდა.
სოფელ ზეგაანში თანამედროვე სტანდარტების სკოლის ფუნქციონირება მკაფიო მაგალითია, რომ მთავრობა საქართველოს ყველა რეგიონზე თანაბრად ზრუნავს. სკოლებში, რომელიც შენდება და რეაბილიტირდება ყველა პირობაა შექმნილი, რათა მოსწავლემ ისეთივე სრულყოფილი განათლება მიიღოს, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაშია შესაძლებელი.
ბოლო წლებში კახეთის რეგიონში 143 საჯარო სკოლა და ერთი პროფესიული სასწავლებელი რეაბილიტირდა, აშენდა ორი საჯარო სკოლა. მნიშვნელოვანი ინფრსტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი 2015 წლისთვისაც.