გლდანის რაიონის 59-ე საჯარო სკოლის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა. საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სამინისტროს თანამშრომლებმა, მანდატურებმა, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა.
სკოლის ტერიტორიაზე, პირველ ეტაპზე, 500 კვიპაროსის, 100 იფანისა და 100 ნეკერჩხლის ნერგი დაირგო. პროექტის მეორე ეტაპზე, სკოლის ეზოში დაახლოებით 800 ძირი ხე დაირგვება.
საჯარო სკოლების ეზოების გამწვანების პროექტის ფარგლებში, რომელიც თბილისში მდებარე 60 საჯარო სკოლას მოიცავს, ამ დროისთვის დარგულია 6 100 ფოთლოვანი და 1000 წიწვოვანი ჯიშის ნერგი. პროექტის მიხედვით, ჯამში, საჯარო სკოლების ეზოები 10 000 ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშის ხე-მცენარით განაშენიანდება.
როგორც საჯარო სკოლებში, ასევე სხვა ობიექტებზე, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობას ამავე სამსახურის კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ. ისინი, ვალდებული არიან, ხმობის შემთხვევაში, ნარგავები შესაბამის სეზონზე ახალი ნერგებით ჩაანაცვლონ.