თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლა გასული საუკუნის 40 წლებში იყო აშენებული. სკოლაში მხოლოდ 12 საკლასო ოთახი ფუნქციონირებდა, კედლები იყო დაბზარული და დეფორმირებული. ამორტიზირებული შენობა არ ექვემდებარებოდა კაპიტალურ რემონტს.
ახალი სკოლა გაცილებით უკეთეს და ხელსაყრელ ადგილზე აშენდა, სკოლას აქვს თანამედროვე გათბობის სისტემა, კლას-კაბინეტები თანამედროვე სასკოლო მერხებითა და დაფებით, სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის და აღჭურვილია სპეციალური პანდუსებით, აქვს სპორტული და სააქტო დარბაზები.
სამღერეთი ისტორიული სოფელია, 25 წელია რაც აქ აჭარელი ეკომიგრანტები დასახლდნენ, შესაბამისად, სკოლა ქართულენოვანია. ამჟამად სკოლაში 100 მოსწავლე სწავლობს, მათგან 12 ადმინისტრაციულად შემოერთებულ შიხილოს დაწყებითი აზერბაიჯანული სკოლადან დადის და მათ, 2013 თებერვლიდან, სამინისტროს მიერ დანიშნული მიკროავტობუსი ემსახურებათ.
სოფელში დემოგრაფიული მდგომარეობა არის ზრდადი, შესაბამისად, ახალი სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი. თანამედროვე სტანდარტების სკოლაში ყველა პირობა არის შექმნილი, რათა მოსწავლემ ისეთივე სრულყოფილი განათლება მიიღოს, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაშია შესაძლებელი.
ინფრასტრუქტურული პროექტები:
2013 წლიდან დღემდე 9 საჯარო სკოლისა და 1 პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა განხორციელდა. მიმდინარეობს 11 საჯარო სკოლის მშენებლობა და 18 საჯაო სკოლის პროექტირება, აქედან 4 საჯარო სკოლის მშენებლობა 2015 წელსვე დაიწყება, დანარჩენი 14 სკოლა 2016 წელს აშენდება.
2015 წლიდან დღემდე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1089 საჯარო სკოლას, ახალი სასწავლო წლისთვის კიდევ 225 სკოლაში განხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოეწყო 100 სამედიცინო ოთახი, 187 სკოლაში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა მიმდინარეობს.