ნორჩ გამომგონებელთა კონკურსში, „ლეონარდო და ვინჩი“, გამარჯვებული მოსწავლეები მსოფლიოში უდიდესი კონკურსის, ინტელის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენაში - Intel ISEF მიიღებენ მონაწილეობას. ქართველი მოსწავლეები ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დილით გაემგზავრნენ. მათ გამოგონებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები პიტსბურგში დაგეგმილ გამოფენაზე გაეცნობიან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორჩ გამომგონებელთა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“ ყოველწლიურად ატარებს. კონკურსის მიზანია მეცნიერებითა და ინოვაციით დაინტერესებული, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, მათი წახალისება, სწავლის დონის ამაღლების, ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდთა ინტერესის გაღვივების, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გრანპრის მფლობელები არიან: თემურ ჩიჩუა, ალექსანდრე თოიძე და ნიკოლოზ მინაშვილი. პირველი ადგილი ვახტანგ დონაძემ და ირაკლი ჩხეიძემ, მეორე ადგილი ირაკლი კაპანაძემ და კარლო ხუციშვილმა, ხოლო მესამე ადგილი ნიკა ალავიძემ დაიკავა.
კონკურსის ჩატარებას და ადმინისტრირებას სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უზრუნველყოფს ხოლო, ამერიკის შეერთებულ შტატებში "ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებულების გამგზავრება ინტელის ფონდმა დააფინანსა.
სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, სამეცნიერო მიმართულებებით მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესება სამომავლოდ ხელს უწყობს ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებასა და განვითარებას.