საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის, ახალქალაქში სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესს დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უნივერსიტეტის რექტორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
უმაღლესი სასწავლებლების ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტის ფარგლებში, რეგიონალური უმაღლესი სასწავლებლების რეაბილიტაცია სამინისტროსთვის პრიორიტეტულია, ასეთ უნივერსიტეტებს განეკუთვნება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიც, რომლის სასწავლო კორპუსები განთავსებულია ახალციხესა და ახალქალაქში.
ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტში რეგიონისთვის პრიორიტეტული რამდენიმე პროგრამის ამოქმედება იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს ახალქალაქში სტუდენტი-ახალგაზრდობის მოზიდვას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ქალაქში თანამედროვე სტანდარტების საერთო საცხოვრებლის არსებობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილზე არ არსებობს აკადემიური ხარისხის მქონე პერსონალი, პროფესორ-მასწავლებელთა სრული შემადგენლობა ყოველდღე დადის ახალციხიდან ახალქალაქში. რეაბილიტირებული, თანამედროვე სტანდარტების საერთო საცხოვრებელი ხელს შეუწყობს აკადემიური პერსონალისთვისაც საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას.