საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სკოლების და ინსტიტუტების ქსელის NISPACEE რიგით 23-ე საერთაშორისო კონფერენციის ოფიციალურ გახსნას დაესწრო და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
კონფერენციის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის საჯარო პოლიტიკა, ელექტრონული მმართველობა, საჯარო ფინანსები და მათი მართვა, საჯარო ინსტიტუტების რეფორმა და სხვა. კონფერენციაში 30-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. მათ შორის არიან ექსპერტები, პროფესორები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მაღალი დონის საჯარო მოხელეები.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამი დღის განმავლობაში თქვენ ბევრს იმსჯელებთ საჯარო მმართველობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო, განვითარების ამ ეტაპზე ახორციელებს არაერთ რეფორმას როგორც საჯარო ინსტიტუტებში, ასევე თვითმმართველ ორგანოებში, რაც დაგვაახლოებს ევროპულ ინსტიტუტებთან და სტრუქტურებთან, თქვენი ხედვა და მოსაზრებები ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა ჩვენთვის. საქართველო დგას არაერთი გამოწვევის წინაშე და ევროკავშირთან ასოცირება ყველაზე პრიორიტეტულია ამ გამოწვევებს შორის. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს საჯარო მმართველობის მოდერნიზებით, სახელმწიფო სერვისების განვითარებით და მათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, რაც ერთიანობაში ხდის საჯარო მართვას ადამიანზე და მის საჭიროებებზე ორიენტირებულს. დამეთანხმებით ალბათ, რომ ამ პროცესების წარმატებულად განხორციელებისთვის საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრების არსებობა აუცილებელი პირობაა“- განაცხადა თამარ სანიკიძემ და შემდეგ ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა კეთდება ამ მიმართულებით საქართველოში.
კონფერენციის მასპინძელია კავკასიის უნივერსიტეტი. მხარდაჭერები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ევროკომისია, ფრიდრიხ ებერტის ფონდი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.