მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმში გაიმართა I ექსპერიმენტარული სკოლის მიერ ინიცირებული ინტერდისციპლინარული და თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის „წითელი გველეშაპი ბროლის კოშკს მოხვევია“ დასკვნითი ტური გაიმართა, რომელიც მუზეუმების ფესტივალს „მუზეუმის გაზაფხულს“ მიუძღვნა.
პროექტი ითვალისწინებდა სკოლებსა და მუზეუმებს შორის თანამშრომლობას და მასში ჩართულები იყვნენ I ექსპერიმენტული სკოლის, გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის № 51 საჯარო სკოლისა და კლასიკური გიმნაზიის X და XI კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებმა მოიძიეს მუზეუმებში დაცული და ფართო საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობი ის მასალები, რომელიც ეხებოდა რეპრესირებულ ქართველ შემოქმედთა ტრაგიკულ ხვედრს და საბჭოთა პერიოდის ასახვას ქართულ მწერლობაში.
პროექტის პარტნიორები იყვნენ მიხეილ ჯავახიშვილის ბინა - მუზეუმი, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, ჯგუფი „ქართუ“, საქართველოს უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
დასკვნით ტურს ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, ევროკავშირის კულტურის ატაშე ოლივერ რაისნერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები თამარ ტალიაშვილი და დავით მალაზონია.
კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა მოსწავლეთა ნაშრომები და გამოავლინა გამარჯვებულები: ლექსო საბიაშვილი - კლასიკური გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე თემით „ინტელიგენციის პრობლემა მიხეილ ჯავახიშვილის რომანებში“, ლინა ბუზიაშვილი - 51-ე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თემით - „წითელი გველეშაპი ბროლის კოშკს მოხვევია“, ლევან ხარბედია და გიორგი ჯანჯღავა - I ექსპერიმენტული სკოლის X კლასის მოსწავლეები თემით - „ცოდოსა და განგების ეთიკის კონცეფცია მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში“.
სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ღონისძიებები არის სიახლე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და მსგავსი აქტივობების დანერგვა წაადგება ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.