სასტუმრო თბილისი მერიოტში სკოლის მოსწავლე გოგონების სამეცნიერო-საინოვაციო კონკურსის ფინალური ტური გაიმართა. 20-მა ფინალისტმა გოგონამ საინოვაციო პროექტის პრეზენტაცია გააკეთა. მათგან გამარჯვებული პროექტები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლენა და პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
პროექტი აშშ-ის საელჩოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდთან (GRDF), აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდთან (CRDF Global), ამერიკის ვაჭრობის პალატასთან და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტთან“ თანამშრომლობით განხორციელდა.
პროგრამის მიზანი იყო მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის და მათემატიკის (STEM) სფეროში ქალების წამყვანი როლის წახალისება; გოგონების დაინტერესება სკოლის შემდგომი საუნივერსიტეტო სწავლისას აირჩიონ STEM მიმართულებები. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაესწრნენ.
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ქალთა როლის გაზრდა საზოგადოებაში. უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მოსწავლეების ჩართვა სამეცნიერო საქმიანობაში, განსაკუთრებით კი, გოგონების დაინტერესება ტექნიკური მიმართულებით და ამ სფეროში მათ მიერ პროფესიული არჩევანის გაკეთება“,- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.