საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლების რეაბილიტაცია უწყეტად გრძელდება. ამჯერად, მინისტრი თამარ სანიკიძე მე-200 სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, სადაც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ეზოს კეთილმოწყობა, საცხოვრებელი კორპუსისა და სასადილოს სრული რეაბილიტაცია, პანდუსისა და სკოლაში შესასვლელი კარის მონტაჟი მიმდინარეობს.
მე-200 სკოლა-პანსიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 110 მოსწავლე სწავლობს, რომელთაგან 80 პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. სამინისტროს მიერ მათთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, როგორც სარეაბილიტაციო, ასევე საჭირო ტექნიკის თუ ყველა იმ საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენის კუთხით, რაც კონკრეტულ სპეციალიზირებულ სკოლას ესაჭიროება.
ზოგადად, ინკლუზიური განათლების განვითარება და ხელშეწყობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის პროექტები, რომელიც მოზარდების სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართავას, მათი საჭიროებაზე მორგებული სასწავლო პროგრამებით უზრუნველყოფას და სოციუმში მათ ინტეგრაციას ითვალისწინებს.
მე-200 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის 6 დეკემბერს დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება.