საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებს შეხვდა. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2013 წლიდან ატარებს. კონკურსში გამარჯვებული დოქტორანტი სტუდენტები, პირველად საქართველოში, სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სახელმწიფოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადებას, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ინტეგრირებას და სათანადო პირობების შექმნას.
2013-2014 წლებში 230-მდე დოქტორანტი დაფინანსდა. 2013 წლის საგრანტო კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი - 1 935 850 ლარი იყო, ხოლო 2014 წლის - 2 560 886 ლარი. ერთ დოქტორანტზე გამოყოფილი მთლიანი ბიუჯეტი სემესტრების მიხედვით სხვადასხვაგვარად ფინანსდება: ექვსსემესტრიანი პროექტისათვის სასწავლო-კვლევითი გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 63000 ლარით, ხუთსემესტრიანი პროექტისათვის - 52500 ლარით, ოთხსემესტრიანი პროექტისათვის - 42000 ლარით, სამსემესტრიანი პროექტისათვის - 31500 ლარით, ხოლო ორსემესტრიანი პროექტისათვის - 21000 ლარით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი საშუალებას აძლევს დოქტორანტს დაკავდეს მხოლოდ საკუთარი სამეცნიერო საქმიანობით და არ ჰქონდეს აუცილებლობა, სწავლის საფასურის გადასახდელად დამატებით ეძებოს სამსახური. ევროპასთან ინტეგრირების გზაზე, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კვალფიციური სამუშაო კადრები, რომელიც შეძლებს კვლევაზე დაფუძნებული და დასაბუთებული განვითარების სამომავალო პერსპექტივების დასახვასა და შემდგომ განხორციელებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დამწყები მეცნიერების დაფინანსების პროგრამა.
ასევე მეორე წელია ფუნქციონირებს პრემიერ-მინისტრთან არსებული განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც კონკურსის გზით აფინანსებს ახალგაზრდა კადრებს განათლება სრულყონ საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების საფეხურზე. ცენტრი ხელს უწყობს საქართველოს ინტეგრირებას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში და მაღალკვალიფიციური ადამინური რესურსის რეალიზებას უკან დაბრუნების შემდეგ.
ღონისძიების ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა დოქტორანტების შეფასებები და წინადადებები მოისმინა. პრემიერ-მინისტრმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად, დოქტორანტების ყველა შეკითხვას უპასუხა.