საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საგანგებო განცხადება გააკეთა და იმ შეღავათებზე ისაუბრა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ სტუდენტებსა და მოსწავლეებს შეეხებათ. კერძოდ:
• 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრ და უსახლკაროდ დარჩენილ სტუდენტთა 2015-2016 სასწავლო წლის სწავლის გადასახადს სახელმწიფო დაფარავს. სტუდენტებში იგულისხმებიან ის აბიტურიენტები, რომლებიც წელს ჩაირიცხებიან აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. სწავლის გადასახადში იგულისხმება 2015-2016 აკადემიური წლის საფასური, სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობა. სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტი შეიმუშავებს პროგრამას და წარუდგენს მთავრობას დასამტკიცებლად უახლოეს მთავრობის სხდომაზე.
• მოსწავლეებს, რომელთაც 13 ივნისის სტიქიის შედეგად სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპიუტერები და სახელმძღვანელოები დაუზიანდათ, სამინისტრო ახალ ნივთებს გადასცემს
• მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი ყველა მოსწავლეს და მათ მშობლებს საჭიროების შემთხვევაში მომსახურებას უფასოდ გაუწევს
• სამინისტრო ასევე იმუშავებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რათა მოხდეს ჰიდროლოგიური ლაბორატორიისა და მიმდებარე ტერიტორიების შეფასება და სპეციალისტების დასკვნების შესაბამისად დაიგეგმოს ლაბორატორიის აღდგენითი სამუშაოები.