მესხიას უნივერსიტეტი ზუგდიდსა და სენაკში ფლობს სასწავლო კორპუსებს, რომელთა სრული რეაბილიტაციაც განხორციელდა. უნივერსიტეტში ერთდროულად სამაგისტრო და საბაკალავრო და ხუთივე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება. განახლებულ სენაკის ფილიალში ხდება მხოლოდ პროფესიული სტუდენტების მომზადება ჰუმანიტარულ, სამშენებლო, ტურიზმის, აგრარული, ბიზნესის, ინჟინერიის, ჯანდაცვის, სამართლის და სხვა მიმართულებებზე. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება რეგიონის ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით. უნივერსიტეტში სამინისტროს მხარდაჭერით საპილოტე მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც ხორციელდება.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ყოველწლიურად პროფესიულ განათლებას 500-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება, მათ შორის 100-მდე სტუდენტი აგრარულ მიმართულებებზე სწავლობს. სენაკის ბაზაზე პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამებზე სრული მიღება შეზღუდული იყო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უქონლობის გამო, დღეს კი, სასწავლებელი ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებს, სასწავლო სახელოსნოებს, სასათბურე მეურნეობებს, მეცხოველეობის ფერმას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას.