საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა პროფესიული განათლების როლი მეწარმეობის განვითარებაში. ამ მიზნით, სამინისტრო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთად მუშაობს მეწარმეობის ახალ მოდულზე, რომელიც პროფესიულ სასწავლებლებში „ფაბლაბების“ (Fab Lab (Fabrication Laboratory) – სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების დაფუძნებას გულისხმობს. ლაბორატორიები აღჭურვილი იქნება თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით და კომპიუტერულად კონტროლირებადი ინსტრუმენტებით.
,,ფაბლაბების“ შექმნის მიზანია:
ა) მაღალკვალიფიციური, საინჟინრო-კვლევითი უნარების მქონე კადრების მომზადება;
ბ) მსოფლიო კლასის ინდივიდუალური და ტრადიციული პროდუქტის წარმოების განვითარება;
გ) ახალი თაობის სამეცნიერო და საინჟინრო ცოდნის გავრცელების ხელშეწყობა;
დ) მაღალი დონის, ინოვაციური ხასიათის ტექნოლოგიური იდეის განვითარება და მისი შემდგომი კომერციალიზაციის ხელშეწყობა;
ე) ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესის დაჩქარება და მისი მდგრადი განვითარება.
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ,,ფაბლაბების“ შექმნა გაზრდის პროფესიული განათლების ხარისხს და პროფესიულ სტუდენტებს განუვითარებს ისეთ კომპეტენციებს, რომლებიც დაეხმარება მომზადებულ კადრებს, ადგილი დაიმკვიდრონ სწრაფად და მუდმივად ცვალებად საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზარზე.
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების შექმნის იდეის გაზიარებისა და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე თბილისში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებს ეწვივნენ, საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ და არსებულ ლაბორატორიები და სასწავლო პრაქტიკის ობიექტები დაათვალიერეს.