განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული იქნა ერთიანი კონსოლიდირებული სტრატეგია უწყვეტი განათლების სისტემის განხორციელების მიზნით. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილი ხდება სკოლამდელი განათლების ახალი მოდელი, რომლის განმახორციელებელი ორგანო საბავშვო ბაღია. ბაღები კი, ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაშია. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი საგანმანათლებლო გარემო, რესურსები რათა მოხდეს ბავშვების სათანადო მომზადება სკოლისათვის.
სასკოლო მზაობის პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის ეფექტურ თანამშრომლობას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასკოლო მზაობის პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო საკითხებს. აუცილებელია, რომ სწორად იყოს გადანაწილებული ფუნქციები და გამიჯნული იყოს ვალდებულებები. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციას სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის.
სკოლამდელი განათლება უმნიშვნელოვანესი ეტაპია ბავშვის განვითარებაში. ამ დროს ყალიბდება ყველა ის ძირითადი უნარი, რომელსაც შემდგომ ბავშვი იყენებს, როგორც სკოლაში, ასევე, ზოგადად, მთელი ცხოვრების განმავლობაში. სკოლამდელი განათლების საფეხურზე ხდება იმ მნიშვნელოვანი კომპეტენციების განვითარება, რაც ბავშვის სასკოლო მზაობას უზრუნველყოფს. როდესაც ბავშვი სასკოლო მზაობის კუთხით სათანადოდ არის განვითარებული, იგი ბევრად უფრო წარმატებულია განათლების შემდეგ ეტაპებზე (სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი და სხვა) და ეს მნიშვნელოვნად მის შემდგომ ცხოვრებისეულ წინსვლას განსაზღვრავს.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელები, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები სკოლამდელი განათლების რეფორმის ხარისხიანად და წარმატებით განხორციელებაში.