09.03.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აჭარის რეგიონის პროფესიული სასწავლებლები მოინახულა, მათ შორის ქობულეთის პროფესიული სწავლების ცენტრი, სადაც ხდება კვალიფიციური კადრების მომზადება ტურიზმის სფეროში დასასაქმებლად.
როგორც დიმიტრი შაშკინმა ქობულეთის პროფესიულ სასწავლებელში სტუმრობისას აღნიშნა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონული ცენტრების გაძლიერებას, რომელთაც მთელი რეგიონის სტუდენტთა მიზიდვის მიზნით, ძლიერ სასწავლო ბაზასა და ტექნიკურ აღჭურვილობასთან ერთად, სასურველია გააჩნდეთ კომფორტული საერთო საცხოვრებლები, ან სატრანსპორტო საშუალებები. აქედან გამომდინარე, მინისტრის გადაწყვეტილებით ქობულეთის პროფესიული სწავლების ცენტრის საერთო საცხოვრებელი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სრულად იქნება რეაბილიტირებული, რის შედეგადაც 300-მდე სტუდენტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში შეძლებს ცხოვრებას. ცენტრში საერთო საცხოვრებელის რეაბილიტაციასთან ერთად დამატებით 30 კლასკაბინეტიც გაკეთდება. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში გაიზრდება კვალიფისიური კადრების მომზადების დონე, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებას.
ქობულეთის პროფესიული ცენტრის სასწავლო კორპუსს 2006-2007 წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. 2008-2009 წლებში თეორიული მეცადინეობა 191 პროფესიულმა სტუდენტმა დაამთავრა და პრაქტიკებზე სხვადასხვა სასტუმროებსა და რესტორნებში განაწილდა. ამჟამად ცენტრში 201 პროესიული სტუდენტი სწავლობს.