საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა სლოგანით „აკაკი თანამედროვე რეალობაში“. დღეს, გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება და შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მონაწილეობდნენ.
საიუბილეო ღონისძიებების მიზანი იყო აკაკის შემოქმედების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების გამოვლენა/განვითარება. აკაკი წერეთლის პიროვნებისა და მისი შემოქმედების თანამედროვე რეალობიდან დანახვა.
აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში საჯარო და კერძო სკოლები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში შემდეგი სამი კონკურსი გაიმართა: შემოქმედებითი კონკურსი I-XII კლასის მოსწავლეებისთვის; ესეების კონკურსი VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის სახელწოდებით: „აკაკი წერეთელი და XXI საუკუნე“ და სკოლების ინიციატივები. კონკურსები 3 ეტაპად ჩატარდა (სასკოლო, რაიონული და დასკვნითი ტურები).
შემოქმედებითი კონკურსი ორ ასაკობრივ ჯგუფში (I-VI და VII-XII კლასები) ჩატარდა. მოსწავლეებმა/მოსწავლეთა ჯგუფებმა აკაკი წერეთლის შემოქმედების მიხედვით შექმნეს ნახატები, ხელნაკეთი თოჯინები, ნაძერწი ნამუშევრები, მაკეტები და სხვა. კონკურსის სლოგანიდან გამომდინარე, ხელნაკეთი ნიმუშების მომზადებისას, მოსწავლეებმა გამოიყენეს კრეატიული და ორიგინალური მიდგომები, თანამედროვე გამოყენებითი ხელოვნების პრინციპები, არატრადიციული მასალები და სხვა.
კომისიამ თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში გამოავლინა საუკეთესო ათეული და მათგან I, II, III ადგილები. I, II, III ადგილებზე გასულ მოსწავლეებს/მოსწავლეთა ჯგუფს შესაბამისად 600, 400, 300 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ. IV-X ადგილებზე გასულებს - წამახალისებელი სიგელები.
ესეების კონკურსის ფარგლებში, კომისიამ საუკეთესო ათეული და მათგან I, II, III ადგილები გამოავლინა. I, II, III ადგილებზე გასულ მოსწავლეებს/მოსწავლეთა ჯგუფს შესაბამისად 200, 150, 100 ლარის ღირებულების წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ. IV-X ადგილებზე გასულებს - წამახალისებელი სიგელები.
სკოლების ინიციატივების ფარგლებში, სკოლებს მიეცათ თავისუფლება, თვითონ მოეფიქრებინათ და განეხორციელებინათ სხვადასხვა სახის ორიგინალური აქტივობები და შესრულებული სამუშაო წარმოედგინათ ანგარიშის სახით. კომისიამ გამოავლინა 5 საუკეთესო და მათ შორის ყველაზე კრეატიული სკოლა. ყველაზე კრეატიულ სკოლას გადაეცა 2000 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი, ხოლო დანარჩენ 4 სკოლას - სიგელები.