საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებსა და რესურსცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ანალოგიურ ინფორმაციულ და ანალიტიკურ შეხვედრებს სამინისტრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სისტემატიურად ატარებს. ასეთი შეხვედრები ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია, ამ დროს ირკვევა თუ როგორ ინერგება და ხორციელდება სამინისტროს მიერ ინიცირებული სიახლეები ადგილებზე, არის მსჯელობა პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც სამინისტროსა და მასწავლების სახლის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ძირითადი აქცენტები მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასა და ახალი სასწავლო წლისათვის მზადებაზე გაკეთდა. საინფორმაციო პრეზენტაციის შემდეგ, დირექტორებმა ყველა შეკითხვაზე პასუხი უშუალოდ პირველი პირებისაგან მიიღეს.
კახეთის რეგიონის ყველა სკოლაში ახალი სასწავლო წლისათვის მზადება გეგმაზომიერად და პრობლემების გარეშე მიმდინარეობს. სკოლები მობილიზებულია შეფერხებების გარეშე, ღირსეულად შეხვდეს სწავლის დაწყებას და უზრუნველყოს ყველა მოსწავლისათვის სწავლის ხელმისაწვდომობა.