ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ „აისი“-ს ფილიალის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მორიგი თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლო დაწესებულება განახლებული ინფრასტრუქტურით გააგრძელებს ფუნქციონირებას. კოლეჯში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გაეცნო.
პროფესიულ სასწავლებელს „აისი“ ალვანის ფილიალი 2007 წელს გადაეცა, მაგრამ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქამდე არ განხორციელებულა. შესაბამისად, შენობა სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. თანამედროვე სტანდარტების სასწავლო კორპუსში განახლდება სასწავლო და საოფისე ინვენტარი, აღიჭურვება თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, სასწავლებელი უზრუნველოფილი იქნება თანამედროვე გათბობისა და კონდიცირების სისტემით. სასწავლებელი ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის.
პროგრამები, რომელიც ალვანის ფილიალში ხორციელდება სრულადაა მორგებული რაიონის საჭიროებებს. კოლეჯში ძირითადად ტურიზმის, რეწვის, ხელოვნების მიმართულების პროგრამები მოქმედებს, ასევე არის პროგრამები, რომელიც რეგიონში მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს. რეგიონისთვის განსაკუთრებით მოთხოვნადია დეკორატიული ქსოვილების, თექის დამუშავების სპეციალისტები. არსებული მიმართულებები ახალი სასწავლო ბაზის პირობებში, კიდევ უფრო დაიხვეწება და განვითარდება.
შენობის მეორე სართული სასტუმროს დაეთმობა, სადაც სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გაივლიან, აქ წარმატებით განხორციელდება მოდულური პროგრამები და ძირითადად სასწავლო დატვირთვა ექნება. აქვე იცხოვრებენ მეზობელი სოფლებიდან ჩამოსული და სოციალურად დაუცველი სტუდენტებიც.
დასაქმების მხრივ, გასული 2-3 წლის განმავლობაში ყველა სტუდენტი დასაქმდა. ძირითადად სტუდენტები დაკავებულები არიან მთა-თუშეთში სუვენირების დამზადებით, რომელიც ტურისტებს ძალიან იზიდავს – აცხადებს პროფესიული კოლეჯ „აისი“-ს ქვემო ალვანის ფილიალის ხელმძღვანელი ნუგზარ ძამუკაშვილი.