საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი თელავის პროფესიულ კოლეჯში „პრესტიჟი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. მიმდინარე წელს კოლეჯში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურულ პროექტი განხორციელდა: შენობა გადაიხურა, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, გაკეთდა გათბობის თანამედროვე სისტემა, სარინელები, ოთხივე სართულზე მოწესრიგდა სველი წერტილები, მათ შორის - სველი წერტილები ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის.
კოლეჯში შიდა სარემონტო სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, რეაბილიტაციის პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება და მოხდება კოლეჯის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა. კოლეჯი „პრესტიჟი“, სადაც 30-მდე პროფესიული პროგრამა ხორციელდება ერთ-ერთი წარმატებული პროფესიული კოლეჯია კახეთის რეგიონში.
2013–2015 წლებში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 პროფესიულ სასწავლებელში განხორციელდა; ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას; აშენდა – 1 საერთო საცხოვრებელი და 1 სასწავლო კორპუსი.
2015 წელს 14 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო კოლეჯებში. ფილიალებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებში – იგულისხმება საპროექტო, სარეაბილიტაციო, სამშენებლო და შშმ პირთათვის შენობების ადაპტირებითი სამუშაობი, ასევე სახელოსნოების გამართვა, აღჭურვა და სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიების მოწყობა.