პროფესიულ განათლებაში დამსაქმებლის ჩართულობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს რკინიგზასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის.
შეთანხმების საფუძველზე, მხარეთა თანაინვესტირებითა და უშუალო ჩართულობით სარკინიგზო ტრანსპორტის პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდება, სადაც კონკრეტული მიმართულებით მოხდება სტუდენტთა გადამზადება და შემდგომ მათი დასაქმება. საქართველოს რკინიგზა როგორც დამკვეთი და დამსაქმებელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად უშუალოდ ჩართული იქნება პროცესში.
თანამედროვე სტანდარტების პროფესიულ კოლეჯში ყოვეწლიურად 800-მდე პროფესიული სტუდენტი გადამზადდება. ეს არის პროექტი, რომელიც უშუალოდ დასაქმების პრობლების გადაჭრას უზრუნველყოფს, ვინაიდან კოლეჯში კონკრეტული დაკვეთის საფუძველზე განხორციელდება სტუდენტთა გადამზადება. შედეგად, საქართველოს რკინიგზა მიიღებს კვალიფიციურ კადრებს სწორედ იმ მიმართულებით, რაზეც კომპანიას აქვს მოთხოვნა.
თანამედროვე სტანდარტების პროფესიულ სასწავლებელში სტუდენტთა გადამზადება სპეციალური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მოხდება. პროგრამების შედგენაში ჩართული იქნება როგორც განათლების სამინისტროს, ისე ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები.