09.09.2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მაგისტრის წოდების მინიჭება კურსდამთავრებულებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა მიულოცეს.
„განსაკუთრებული განწყობა მაკავშირებს ამ უნივერსიტეტთან, რადგან მეც ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ადამიანის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. მაგისტრები არიან მზად, აქვთ შესაბამისი ცოდნა, რომ ჩაერთონ ქვეყნის აღმშენებლობის, განვითარების პროცესში,“-
განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა.
თსუ-ს რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ადამიანის ცხოვრებაში
მნიშვნელოვანია ყოველი საფეხური. მაგისტრატურა უმაღლესი განათლების საკმაოდ
მნიშვნელოვანი საფეხურია. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მაგისტრებით. დარწმუნებული
ვარ, ჩვენი მაგისტრები იქნებიან ჩვენი ქვეყნის სერიოზული საკადრო
პოტენციალი. ისინი აქტიურად ჩაერევიან ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის
სხვადასხვა სფეროში.“
საზეიმო ღონისძიების შემდეგ მუსიკალურმა ბენდმა „Goofyland“ კონცერტი გამართა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებისთვის ქართული და უცხოური ჰიტების ვარიაციები შეასრულა.
თსუ-ში 90 საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა მოქმედებს. 2015 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა 800-მდე სტუდენტმა დაამთავრა.