ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თბილისისა და რეგიონების არაერთი სკოლა მოინახულა და პირადად გაეცნო ახალი სასწავლო წლისათვის მზადების პროცესს. ამ სკოლებს შორისაა თბილისის 126–ე საჯარო სკოლა, სადაც ამჟამად 1070 მოსწავლე სწავლობს. სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულში გაგრძელდა. რეაბილიტაციის შემდეგ სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა (930 იყო გასულ წელს).
126–ე სკოლა იყო ავარიული, ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, ბოლო ორი წლის მანძილზე გაკეთდა – სახურავი, სარინელი, გათბობის თანამედროვე სისტემა, ბიბლიოთეკა და კომპიურეტული ოთახი, რომელიც აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, სამედიცინო ოთახი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკლასო ოთახებს და დერეფნებს. ვინაიდან სკოლა საკმაოდ დიდია, სარემონტო სამუშაოები ორ ნაწილად გაიყო და უკვე წელს სკოლა სრულად რეაბილიტირებული ხვდება ახალ სასწავლო წელს.
უნდა აღინიშნოს, რომ სკოლაში არის 11 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, რომელთათვისაც დაგეგმილია რესურს ოთახის მოწყობა წლის ბოლომდე, მათთან იმუშავებს ფსიქოლოგი და სპეც მასწავლებელი. სკოლას ასევე გაუკეთდება სპორტული მოედანი, ეს დაპირება მათ მინისტრისაგან მიიღეს.