საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. მინისტრები #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრნენ, სასწავლო პროცესს დაესწრნენ, პედაგოგებს შეხვდნენ და დაწესებულების ბიბლიოთეკა, ასევე, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ოთახი დაათვალიერეს.
„მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო სასწავლო წელი, მათ შორის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაშიც, სადაც 123-ე საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი აღნიშნული სკოლის მოსწავლეებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა მიზეზით არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იმყოფებიან, მნიშვნელოვანია, რომ განათლებაზე ხელი მიუწვდებათ, ეს მათი უფლებაა. ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ. იგი სხვადასხვა ეროვნების მსჯავრდებულებს შესაბამის ენაზე შექმნილი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფასაც დაპირდა.
კახა კახიშვილი მსჯავრდებულებს პირადად გაესაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში განთავსებულ არასრულწლოვნებს, რომლებიც სხვა საგნებთან ერთად, ინგლისურ ენასაც ეუფლებიან, სურვილის შემთხვევაში, ჩინური ენის შესწავლის პროგრამაში ჩართვაც შესთავაზა.
სასწავლო პროცესში ამჟამად #11 სარეაბილიტაციო დაწესებულების 25 მსჯავრდებულია ჩართული.