დღეს, ბათუმში სამდღიანი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს რეგიონული კონფერენცია „ერთობლივი სწავლება უკეთესი კვალიფიკაციებისთვის“ (Mutual learning for better qualifications) გაიხსნა. ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის პლათფორმა N4 ფარგლებში, ევროპული განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. კონფერენციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოში, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვისა და ბელორუსიის განათლების სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება ორიენტირებულია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარებისა და მოდერნიზების მიზნით, რაც დაეხმარება მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შექმნან ერთიანი პლათფორმა, მოახდინონ სისტემაში არსებული ბარიერების იდენტიფიცირება და გაუზიარონ წარმატებული მაგალითები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს. დისკუსიის ფორმატში, კონფერენციაზე მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან მიმართებაში თანამედროვე ტენდენციებს, რათა უკეთ დაგეგმონ ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს იმპლემენტაციის პროცესი არაფორმალური და ფორმალური განათლების აღიარების კონტექსტში.
რეგიონულ კონფერენციაზე ასევე განხილული იქნება ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან მიმართებაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსიის, მოლდოვასა და უკრაინის მიმდინარე გამოცდილება, არსებული გამოწვევები და სამომავლო ტენდენციები.