"სასკოლო მზაობის პროგრამა", რომელიც თამაშით სწავლების მეთოდიკას ეფუძნება, 5-6 წლის ბავშვების სასკოლოდ მომზადებას ითვალისწინებს. პროგრამის მიზანია, ბავშვის სხვადასხვა მიმართულებით განვითარება, მოტორული, სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარების გამომუშავება, კომუნიკაციის და მეტყველების განვითარება.
პროგრამა, რომელიც 30 კვირის განმავლობაში, დღეში 3 საათიან დატვირთვას ითვალისწინებს, საბავშვო ბაღების უფროსი ასაკის ჯგუფებში განხორციელდება, ის ბავშვები კი, რომლებიც ბაღში არ დადიან, საჯარო სკოლებში, სპეციალურად გახსნილ ჯგუფებში მოემზადებიან.
"სასკოლო მზაობის პროგრამა", განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შემუშავდა და დედაქალაქის 159-ვე ბაღში განხორციელდება. ამასთან, შეიქმნა აღმზრდელის სახელმძღვანელო (გზამკლევი) და "სასკოლო მზაობის პროგრამის ყოველკვირეული აქტივობების კრებული, ასევე, შემუშავდა მასწავლებლების სატრენინგო მოდული.
ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, პროგრამის ეფექტურად წარმართვისა და დანერგვის მონიტორინგს უზრუნველყოფს. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, პროგრამა საჭიროებების მიხედვით დაიხვეწება.
დედაქალაქის მერიაში გამართულ პრესკონფერენციას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის საგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავაც ესწრებოდა.