აჭარის რეგიონის საჯარო სკოლების 224-მა მეათეკლასელმა მინისტრისგან საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი მიიღო. თამარ სანიკიძემ კომპიუტერებით ის მოსწავლეები დაასაჩუქრა, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.
მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, პროექტი წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდება და ყოველწლიურად იზრდება დაჯილდოებულ მოსწავლეთა რიცხვიც. როგორც ყველა რეგიონში, გასულ წელთან შედარებით, წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა გაზრდილია აჭარაშიც, რაც ცხადყობს, რომ პროგრამა წარმატებულია და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა წახალისებასა და მოტივაციის ამაღლებას.
2015 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2014-2015 სასწავლო წელს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
საქართველოს მასშტაბით, წელს კომპიუტერებით სულ 1970 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება.