საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინსიტრმა თამარ სანიკიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 80 წლის იუბილე მიულოცა, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა და აჭარის ავტონიმიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, უნივერსიტეტის პროფესორები და მეცნიერ-თანამშრომლები ღირსების ორდენით, ღირსების მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ბათუმის უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო ცხოვრების ამსახველი საზოგადოებისთვის უცნობი ფოტოებისა და აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მიღწევების გამოფენა (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და სხვ.) მოეწყო. შედგა უნივერსიტეტის საიუბილეო წიგნის - ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო კერა - 80“ პრეზენტაცია. ორენოვან საიუბილეო წიგნში წარმოდგენილია უნიკალური საარქივო მასალა უნივერსიტეტის ისტორიასა და მიღწევებზე. ასევე ჩატარდა უნივერსიტეტის ჰიმნის (ტექსტის ავტორი დავით თედორაძე, კომპოზიტორი ანა ქასრაშვილი) წარდგინება ანსამბლ „ბათუმის“ შესრულებით.
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა ასევე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების არჩევის ცერემონია. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის წოდება შვიდ აღიარებულ ქართველ და უცხოელ პროფესორს მიენიჭა.