კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“ 35 წლის იუბილე აღინიშნა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ხელოვნების დარგის ცნობილი სახეები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში მათ სტუდენტების მიერ შესრულებული თექის ნამუშევრები, ცნობილი მხატვრების, ხატმწერებისა და ფოტოხელოვანების ნამუშევრები დაათველიერეს და რთველში მიიღეს მონაწილეობა.
საიუბილეო დღის აღსანიშნავად, პროფესიულ განათლებაში სახელოვნებო დარგების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, კოლეჯში ილია ჭავჭავაძის სახელობის ხელოვნების სასახლე გაიხსნა.
ხელოვნების სასახლე მოემსახურება არა მხოლოდ კოლეჯ „აისის“ სახელოვნებო მიმართულებების სტუდენტების სწავლა-განათლებას, არამედ სასახლეში მოეწყობა ხელოვნების წარმომადგენელთა შემოქმედებითი კუთხეები. გაიმართება კონკურსები, დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები და საინტერესო შეხვედრები, რაც პროფესიულ განათლებას გახდის კიდევ უფრო პერსპექტიულს და ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას.
მრავალპროფილიან კოლეჯში „აისი“ 600-მდე სტუდენტი 20-ზე მეტ პროფესიას ეუფლება, მათ შორისაა სახელოვნებო დარგები - მემინანქრე, თექის ხელოსანი და დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი. ხელოვნების სასახლის დაარსებით, კოლეჯის ადმინისტრაცია ახალი სახელოვნებო პროგრამების დანერგვასაც გეგმავს.