თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი" გაიმართა. ნომინაციები შემდეგ კატეგორიებზე გადანაწილდა: წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები, პოეტური ნაწარმოები, სიმღერა, ფერწერული ნაწარმოები, ქანდაკება, ფოტოხელოვნების ნაწარმოები, არქიტექტურული ნაწარმოები, თემატური ესე - „ჩემი თბილისი“ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის და ჟიურის სპეციალური პრიზი - გამორჩეული ავტორისათვის.
ჟიურის წევრები ინდივიდუალურად გაეცნენ კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილ ნაშრომებს და გამოავლინეს საუკეთესო ნაწარმოებები. გამარჯვებულთა დაჯილდოება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, თბილისობის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.
გამარჯვებულებს გადაეცათ კონკურსის პრიზი (სიმბოლო, XII საუკუნის არტეფაქტის - ხოხბის - გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი), რომელიც სპეციალურად ამ კონკურსისთვის გიორგი (გია) ჯაფარიძემ შექმნა. ამასათან, გამარჯვებულ ავტორებს გადაეცათ ფულადი ჯილდო 1500 ლარის ოდენობით.
წლის საუკეთესო ესეს ავტორს, სკოლის მოსწავლეს ცოტნე ცქიტიშვილს ჯილდო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გადასცა.