ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება გახსნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსმა კაიდო სირელიმ და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა, დოქტორმა ჯანან ათილგანმა.
აღნიშნული პროექტი, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, კონრად ადენაუერის ფონდმა განახორციელა. მისი მიზანია სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერება. პროექტის ფარგლებში სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს რეგიონებიდან (მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან) საშუალება მიეცათ, გაევლოთ ინტენსიური ტრენინგი სამოქალაქო განათლების სწავლების თანამედროვე მეთოდებში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, მომზადდა საზოგადოებრივი მეცნიერებების ახალი სტანდარტი.
პროექტის მიმდინარეობისას, ქართული დელეგაცია ეწვია გერმანიის სამოქალაქო განათლების ფედერალურ სამსახურს, ადგილზე გაეცნო სამოქალაქო განათლების პროგრამებს გერმანიაში და მიეცა საშუალება, კონტაქტები დაემყარებინა კოლეგებთან.
დასკვნით კონფერენციაზე ასევე შედგა დისკუსია სამოქალაქო განათლების თანამედროვე გამოწვევებზე, რომელშიც მონაწილეობა გერმანელმა და ქართველმა ექსპერტებმა მიიღეს.