„მეცნიერებისა და ინოვაციების“ კვირეულის ფარგლებში, 17 ნოემბერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება სამცხე-ჯავახეთში გაიმართა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ახალქალაქში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის სასტუმროს ტიპის რეაბილიტირებული საერთო საცხოვრებელი გახსნა.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი ორ ქალაქში – ახალციხესა და ახალქალაქშია განთავსებული. მიმდინარე წელს განხორციელდა სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია ახალქალაქში, ოცი წლის განმავლობაში ელოდნენ სტუდენტები გაძარცვული და მიტოვებული შენობის აღდგენას. ამიერიდან კი, სასტუმრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს მოემსახურება და ამით, სწავლის ხელმისაწვდომობას გაზრდის, უფრო მეტად მოიზიდავს და დაამეგობრებს სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს. თანამედროვე სტანდარტების საერთო საცხოვრებლის არსებობა ხელს შეუწყობს სხვა ქალაქებიდან მოწვეული პროფესორ-მასწავლებლებისთვისაც საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.
ამავე დღეს, ახალციხეში საზეიმოდ აღინიშნა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის დაარსებიდან 25 წლისთავი, რომელსაც ბევრი საპატიო სტუმარი დაესწრო. უნივერსიტეტი რეგიონის წამყვანი უმაღლესი სასწავლებელია. ის ასრულებს სახელმწიფოებრივ მისიას სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში, თანამედროვე ახალგაზრდობის აღზრდისა და განათლების, ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბების საქმეში, ხელს უწყობს ქვეყნის სამეცნიერო წინსვლას. სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი მრავალმხრივ წარმატებული რეგიონია, რაც ამ უნივერსიტეტის დიდი დამსახურებაა.
უნივერსიტეტს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს რეგიონის სკოლებთან. მისი კურსდამთავრებულები წარმატებით საქმიანობენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში ყველაზე ახალგაზრდული საშუალო ასაკი პედაგოგებში სწორედ სამცხე-ჯავახეთშია.