გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და „კავშირი მდგრადი განვითარებისათვის ეკოვიჟენს“ შორის.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას სკოლამდელ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში შემდეგი მიზნების განხორციელებისათვის:
• გარემოსდაცვითი განათლებისა და განათლება მდგრადი განვითარებისაკენ მიმართული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება;
• საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;
• გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია: საგანმანათლებლო რესურსების შემუშავება და გავრცელება; პედაგოგების გადამზადება გარემოსდაცვით საკითხებში; გარემოსდაცვითი საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილი გამოფენების, სემინარებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება; თემატური კონკურსებისა და ღია გაკვეთილების ჩატარება; დასუფთავებისა და გამწვანების აქციების ორგანიზება; თანამშრომლობა გარემოსდაცვითი მედიაპროდუქტების მომზადების პროცესში და ა.შ.
„კავშირი მდგრადი განვითარებისათვის “ეკოხედვა/EcoVision“ 2001 წელს დაარსდა. კავშირის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. ორგანიზაციას “ეკოხედვა/ECOVISION” დაარსების დღიდან, გარემოს დაცვის სფეროში, შესრულებული აქვს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული 50-ზე მეტი პროექტი.