შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თემაზე: „მე და ჩემი სკოლა“ შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი თანატოლების პრეზენტაციებს გაეცნო, სადაც ბავშვებმა მინისტრს საკუთარი ხედვა წარუდგინეს და მათთვის საინტერესო კითხვებზე მინისტრის პასუხები მოისმინეს.
ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი სპეციალური ღონისძიების მიზანს სწორედ მათი შეხედულებების გაცნობა წარმოადგენდა, თუ რას ნიშნავს მათთვის სასურველი კეთილგანწყობილი გარემო, სადაც თვითეალიზაციის შესაძლებლობა მიეცემათ.
შემოქმედებითად დამუშავებულ ოთხ თემაზე, ბავშვებმა მინისტრს გუნდური მუშაობის შედეგები პრეზენტაციის სახით წარმოუდგინეს. მრავალფეროვანი მასალით უზრუნველყოფილ სემინარზე ბავშვებს მიეცათ გამოხატვის თავისუფლების სხვადასხვა ფორმა პლაკატებით, წარმოდგენის გათამაშებით, ხატვით და ა.შ. სხვადასხვა საშუალებებით.
პარალელურად, ვორქშოფი გაიმართა მშობლებისთვის, რომლებმაც სიღრმისეულად გადმოსცეს და გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება. მათ იმსჯელეს და განიხილეს პრობლემები, რაც აწუხებთ და პრობლემების მათეული გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის 3 დეკემბერი უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ამ დღეს, ფოკუსში ექცევიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომ მათი ხმა კარგად იყოს ასახული პოლიტიკისა თუ პრაქტიკის გაუმჯობესების პროცესებში. შესაბამისად, ინკლუზიურ განათლებას სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რომელიც სისტემის ყველა საფეხურზე ვითარდება. დღეს 1000-მდე სპეცმასწავლებელი 5000-მდე სსსმ მოსწავლეს ემსახურება. ილიას უნივერსიტეტში დაიწყო სპეცმასწავლებლის სამაგისტრო პროგრამა, ხოლო 35 საჯარო სკოლაში ადაპტირებული გარემო მოეწყო. თბილისსა და რეგიონებში გაიხსნა ინტეგრირებული კლასები, პირველად დაიბეჭდა სახელმძღვანელოები ბრაილის შრიფტით. ჟესტური ენის განსავითარებლად, შეიქმნა მეთოდოლოგია და დამხმარე სახელმძღვანელოები. ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის კი იაშვილის კლინიკაში სპეციალური კლასი ამოქმედდა. ეს პროექტები სამინისტროს მიერ განხორციელებუილი აქტივობების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რადგან ინკლუზიური განათლების განვითარებაზე სამინისტრო უწყვეტად ზრუნავს.
აღსანინავია, რომ უკეთესი განათლების სისტემის განსავითარებლად, წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე თავად მოსწავლეების მოსაზრებებსა და მათი შეხედულებების გაზიარებას ეფუძნება.