2015 წლიდან, სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა საქართველოს რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია დაიწყო. პირველი სარეაბილიტაციო სეზონი მცხეთა–მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში 30-მდე საჯარო სკოლას მოიცავს. მომავალი ოთხი წლის მანძილზე 100–მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება საქართველოს რეგიონებში. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის სრული ბიუჯეტია 54 მლნ აშშ დოლარი. პროექტის შედეგად გაუმჯობესდება სასწავლო გარემო და ხელმისაწვდომობა 37 ათასზე მეტი ბენეფიციარისთვის (პირველი სარეაბილიტაციო სეზონი მოიცავს 10 ათასზე მეტ ბენეფიციარს).
ფონდის მიერ განხორციელებული სასწავლო გარემოს გაუმჯობესების პროექტი მოიცავს საჯარო სკოლების სასწავლო ბაზის სრულ რეაბილიტაციას, საერთო სარგებლობის ობიექტებისა და კომუნიკაციების რეკონსტრუქციასა და სკოლების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით უზრუნველყოფას. სარეაბილიტაციო სკოლების შერჩევას ახორციელებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ამერიკული ორგანიზაცია. სკოლების შერჩევა ხორციელდება წინასწარ დადგენილი პრიორიტეტული შერჩევის მეთოდოლოგიით.
პირველი წლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, ტენდერის ფარგლებში შეირჩა ხუთი ქართული სამშენებლო კომპანია, რომლებმაც 500-მდე ადამიანი დაასაქმეს.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ზოგადი განათლების პროექტს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.