1945 წელს აკად. გ. წერეთლის ინიციატივით თსუ-ში დაარსდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. იგი გახდა მსოფლიოში აღიარებული ქართული ორიენტალისტური სამეცნიერო სკოლის ცენტრი. დღეს მისი მემკვიდრეა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელიც წარმატებით იკვლევს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ენებს, ისტორიას, რელიგიებს, ისლამურ კულტურას, ლიტერატურას, ხელოვნებას, ფილოსოფიას, სამართალსა და მის ინსტიტუტებს, შუა საუკუნეების მუსიკას, ქართულ-აღმოსავლურ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ, ენობრივ, ლიტერატურულ და კულტურულ ურთიერთობებს, აღმოსავლეთის თანამედროვე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სხვ. რეალიებს.