განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ქალაქ ქუთაისის 30–ე საჯარო სკოლაში, სადაც ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია, ასევე დასრულდა თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედნის მოწყობა, რაც მრავალრიცხოვანი სკოლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. დიდი სტადიონი მოსწავლეებს მნიშვნელოვანი სპორტული შეჯიბრებებისა და სპორტის რამდენიმე სახეობაში ვარჯიშის საშუალებას მისცემს. სკოლას ასევე ექნება დახურული სპორტული დარბაზი, რომლის მოწყობაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
გასულ წელს, იმერეთის რეგიონში 107 სკოლის რეაბილიტაციაზე 8 მილიონი ლარი დაიხარჯა, სოფელ ზედა ვანში აშენდა ახალი სკოლა, სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ მუხურაში. მიმდინარე წელს დაიწყება ტყიბულის მე-7 საჯარო სკოლის მშენებლობა, მომზადდება ჭიათურის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლის პროექტი, იმერეთის რეგიონის 19 სკოლაში ექიმის კაბინეტი მოეწყო, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი მერხებით სკოლების აღჭურვის პროცესი.