მარნეულის სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების გუნდებს შორის. 2016 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს 1200 სკოლის 5000-ზე მეტი გუნდი, რაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია, ოლიმპიადის ორგანიზებას ხელს უწყობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოები, ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია, საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაცია ISF-ის წევრია და ოლიმპიადაზე გამარჯვებული სკოლის გუნდები, პირველად საქართველოს ისტორიაში, მიემგზავრებიან მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე.
ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის აღნიშული პროექტის მიზანია საზოგადოებისა და განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში მასობრივად ჩართვა და სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა.
მოკლე ინფორმაცია სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შესახებ:
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2015 წლიდან ტარდება და ყოველწლიური ხასიათისაა. ოლიმპიადის ვადები განსაზღვრულია სასწავლო წლის ვადების შესაბამისად.
ოლიმპიადის პროგრამა დაყოფილია ოთხ ძირითად ეტაპად, ესენია: პირველი ეტაპი - შიდა სასკოლო შეჯიბრებები სკოლების ნაკრები გუნდების დასაკომპლექტებლად, სპორტის სახეობების მიხედვით; მე-2 ეტაპი - მუნიციპალური შეჯიბრებები, მე-3 ეტაპი - რეგიონალური და მე-4ეტაპი - ოლიმპიადის ფინალური თამაშები, რომელიც იმართება ანაკლიის მომავლის ბანაკში.
2016 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საშეჯიბრო სახეობებია:
1. მინი ფეხბურთი (ვაჟები)
2. კალათბურთი 3x3 (გოგონები, ვაჟები)
3. მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები)
4. გეზრბენი, იგივე კროსი (გოგონები, ვაჟები)
5. ხელბურთი (გოგონები, ვაჟები)
6. ფრენბურთი (გოგონები, ვაჟები)
7. ბადმინტონი (გოგონები, ვაჟები)
8. მოძრავი თამაშები - მხიარული სტარტები
9. სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა
ოლიმპიადა ტარდება შეჯიბრებებში წარმოდგენილი სპორტის შესაბამისი სახეობების ეროვნული და საერთაშორისო ფედერაციების მოქმედი წესების მიხედვით და ოლიმპიადის საშეჯიბრო დებულებების შესაბამისად.