უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგობის მსურველებს სახელმწიფო აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გაიაროს შესაბამისი პროგრამა და სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭოს. სახელმწიფოს მიზნია როგორც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საუკეთესო პედაგოგების მოზიდვა, ამასთანავე, კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრა განსაკუთრებით რეგიონებში.
მასწავლებლობის უფლების მოპოვება შეუძლია ბაკალავრის, მაგისტრის და მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, რომლებსაც მოეთხოვებათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მასწავლებილის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით გავლა. მომავალი მასწავლებლებისთვის, ამ ეტაპზე უკვე აკრედიტებულია 12 უნივერსიტეტის პროგრამა, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებლობის მსურველებს მიიღებენ.
პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა მსურველის მხრიდან შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარება, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. საგნის გამოცდის ჩასაბარებლად, მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge . პარალელურად, რეგისტრაციის გავლა მოეთხოვებათ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში 12 აპრილის ჩათვლით (საჭირო დოკუმენტაცია 1.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2.განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი).
დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ქვოტების შესაბამისად. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკაცი, რომელიც ადასტურებს მის სამასწავლებლო კვალიფიკაციას და აძლევს მასწავლებლობის უფლებას. სკოლაში მუშაობის დაწყების შემთხვევაში, კურსდამთავრებული უფროსი მასწავლებელი ხდება.