საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის თანამშრომლობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მენეჯერთა გადამზადება მიმდინარეობს. ტრენინგის მიზანია, პროფესიული მასწავლებლების საჭიროებათა ანალიზი და ამ მასწავლებლებისთვის ტრენინგების დაგეგმვა საწარმოებში. ტრენინგს ათასწლეულის გამოწვევის საერთაშორისო ტრენერი ალექსანდერ სიბონი უძღვება.
გადამზადების კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ სხვა პროფესიული მასწავლებლების საჭიროებათა გამოვლენა, საწარმოში ტრენინგის დაგეგმვა და ტრენინგის შედეგების შეფასება.
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განხორციელებისათვის, ასევე დუალური განათლების წარმატებით დანერგვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლების კომპეტენციების განვითარება მოხდეს ორი მიმართულებით: პედაგოგიური და პროფესიული განვითარების ღონისძიებებით.
სასწავლო პრაქტიკის დროს სტუდენტები გადიან პრაქტიკულ სწავლებას საწარმოებში, შესაბამისად, აუცილებელია, რომ მასწავლებელს ჰქონდეს ინფორმაცია და წვდომა საწარმოებში არებული უახლესი ტექნოლოგიების შესახებ და კარგად იცნობდენ საწარმოების შიდა სტრუქტურასა და სამუშაოს მიმდინარეობებს.
საწარმოში ტრენინგების დროს მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, რომ გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა და განივითარონ პროფესიული უნარები. სასწავლებლების ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება ხელს შეუწყობს თავად სასწავლებლების შიდა განვითარებას და სასწავლებლებსა და საწარმოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღმავებას.