საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩეველს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესორ, ვონ ტურეკიანს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმის მხარდაჭერა, სიახლეების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება იყო.
მაღალი რანგის სტუმრებმა დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღეს იმ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებსა თუ პროექტებზე, რაც ბოლო წლებში ქვეყანაში განხორციელდა მეცნიერების განვითარების, სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერების, მეცნიერების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს განათლების სექტორისთვის გამოყოფილ 140 მლნ აშშ დოლარის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტს და მის ფარგლებში მიმდინარე პროექტებს.
პროფესორი ტურეკიანი სახელმწიფო მდივნის მრჩევლის თანამდებობაზე 2015 წლის სექტემბერში დაინიშნა. მას გააჩნია გამოცდილება როგორც პრაქტიკულ მეცნიერებაში (ატმოსფერული ქიმია), ასევე სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავებაში. აღნიშნული გამოცდილებით, პროფესორი ტურეკიანი ხელს უწყობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინჟინერიის, როგორც ამერიკული დიპლომატიის მნიშვნელოვანი კომპონენტის გაძლიერებას.