საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ტომას მილია და USAID-ის მისიის დირექტორი დაგლას ბოლი თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში USAID-ის დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) მიმდინარეობას გაეცნენ.
სკოლაში ვიზიტისას სტუმრები გაეცნენ პროექტის ფარგლებში მიმდინარე საგაკვეთილო პროცესს, პედაგოგებისა და მოსწავლეებისაგან მიიღეს ინფორმცია როგორ ეხმარება პროექტი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მათემატიკის, ლიტერატურისა და სამეწარმეო უნარების გაძლიერების კუთხით და, რომ რესურსებით მდიდარი, მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილების შედეგია მოსწავლეების აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში და კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების შეძენა.
დაწყებითი განათლების პროექტი საქართველოს საჯარო სკოლების ათ პროცენტს მოიცავს. პროგრამა დახმარებას უწევს საქართველოს დაწყებითი განათლების სისტემას, კერძოდ, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ქართველი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები ეუფლებიან კითხვას, მათემატიკას და სამეწარმეო უნარ-ჩვევებს. რაც თავის მხრივ, ქმნის XXI საუკუნისათვის შესაფერის კონკურენტუნარიან სამუშაო ძალას, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.