ჩიკაგოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ეროვნული ცენტრის ექსპერტმა ალეხანდრო ომემ საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (USAID/G-PriED) შედეგების შეფასების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. პრეზენტაციას საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სამინისტროსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
USAID/G-PriED პროექტის შედეგების შეფასება გახორციელდა მენდეზ ინგლენდ და ასოციაციის (ME &A) მიერ ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებულ კვლევით ინსტიტუტთან (NORC) პარტნიორობით.
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd), რომელიც აშშ-ს განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში, 5 წლიანი პროექტია (2011-2016), რომლის მიზანია კომპლექსური დახმარება კითხვისა და მათემატიკის უნარების გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტი, რომელიც 122 საჯარო სკოლაში პილოტირების რეჟიმში დაინერგა, სრულად შეესაბამება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხედვას და მის მიზნებს.
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) მიმდინარეობა დადებითად შეფასდა - მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მათემატიკისა და კითხვის შედეგებზე. მიუხედავად მთლიანობაში მიღწეული პოზიტიური შედეგებისა, პროექტის ფარგლებში, დამატებითი აქტივობებიც იგეგმება.