საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე სასწავლო დაწესებულება მოინახულა. მათ შორის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსი, ახლადშექმნილი ერთიანი საუნივერსიტეტო საგამოცდო ცენტრი და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია-ფაბლაბი, სადაც სტუდენტების მიერ დამზადებული პროდუქცია დაათვალიერა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია - ფაბლაბი ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. 3D პრინტერები, ლაზერული მჭრელი და სხვა პროგრამირებადი დაზგა-დანადგარები ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის ტესტირების საშუალებას აძლევს.
ფაბლაბის ბაზაზე შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირება და მათი მცირე რაოდენობით წარმოება. ინოვაციების ლაბორატორიაში ნებისმიერ სტუდენტს აქვს საშუალება პრაქტიკულ და ბაზარზე ორიენტირებულ ცოდნის მიღებასთან ერთად, გაეცნოს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს. ფაბლაბში ისინი ბაზრის ლიდერი კომპანიების მიერ გამოყოფილ მენტორებთან ერთად პროექტებზე მუშაობენ. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ და განავითარონ პროექტები ახალი ტექნოლოგიური მოწყობილობებისათვის.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეს უნიკალური სივრცე გარდა სტუდენტებისა და პროფესორებისა, ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოქალაქისთვის, ვისაც საინტერესო იდეის განხორციელებისა და ბიზნესის ჩამოყალიბების სურვილი აქვს.