ევროპის დღეების ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, მასწავლებლის სახლში კონფერენცია „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა.
კონფერენცია საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პრიიტ ტურკმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ია თიკანაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.
კონფერენციის მიზანია მასწავლებლებმა მიიღონ ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროპული პროექტები მათ სთავაზობს. ასევე, გაზიარებული გამოცდილება და მიღებული ცოდნა დანერგონ სასწავლო პროცესში.
სემინარში მონაწილეობისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რეგისტრაცია აპრილის თვეში გამოაცხადა, რომლის შედეგადაც თბილისიდან და რეგიონებიდან გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 110 პედაგოგი შეირჩა. აღნიშნულმა პედაგოგებმა ევროკავშირის თემატიკის დანერგვისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო პროექტები წარადგინეს. კონფერენციაზე გამოვლინდა პროექტის 10 გამარჯვებული მასწავლებელი, რომელიც ესტონეთში სასწავლო კურსს გაივლის.
პროექტი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ 2014 წელს შეიქმნა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დანერგვის მიზნით სემინარებსა და კონკურსებს ახორციელებს.