მანდატურის სამსახური რეგიონებში ფართოვდება. ახალქალაქისა და ნინოწმინდის რამდენიმე დიდკონტიგენტიან საჯარო სკოლაში მანდატურები პირველად შევიდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა მანდატურები პირადად წარუდგინეს სკოლებს. უახლოეს მომავალში სამცხე–ჯავახეთის კიდევ რამდენიმე სკოლაში ამოქმედდება მანდატურის სამსახური.
შერჩეულმა კანდიდატებმა, პოლიციის აკადემიაში, მანდატურთა მომზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა და ფსიქოლოგიური მომზადების კურსი გაიარეს. ამ ეტპზე, ათას ორასზე მეტი მანდატური საქართველოს 428 საჯარო და 4 კერძო სკოლაში, 3 პროფესიულ სასწავლებელსა და 1 უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
რამდენიმე წლის წინ განხორციელდა მანდატურის სამსახურის ძირეული რეფორმა. შეიქმნა ფსიქოლოგიური ცენტრები, მანდატურის სამსახურის ბაზაზე ამოქმედდა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა. 2016-2017 სასწავლო წლიდან პანკისის ხეობის ყველა სკოლის მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის დაიწყება პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის სწავლება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საწარმოებში, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში ვიზიტები და სხვადასხვა პროფესიების შესახებ ინფორმაციის ადგილზე მიღება.