საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები პროექტის „წიგნის მოვლის კულტურა“ წარდგენას რეგიონების საჯარო სკოლებში აგრძელებენ. ამჯერად, პროექტის პრეზენტაცია ჭიათურის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა.
პროექტის მიზანია, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაცემის საფუძველზე, ბავშვებს წიგნის მოვლის უნარ-ჩვევები გამოუმუშავდეთ, აგრეთვე ჩამოუყალიბდეთ და აუმაღლდეთ წიგნთან სწორად მოპყრობის კულტურა. გარდა ამისა, პროექტის მიზნებში გათვალისწინებულია საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ ბიბლიოთეკებში დაცული წიგნების ფიზიკური მდგომარეობის შესწავლა და მათი რეაბილიტაციის პროგრამის შემუშავება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში არსებული სკოლის ბიბლიოთეკების მდგომარეობას და ხელს შეუწყობს წიგნის რესტავრაციის პოპულარიაზაციას ახალგაზრდა თაობაში.
პროექტის პრეზენტაცია მესამედ გაიმართა და ყველა წარდგენისას მოსწავლეთა დიდ დაინტერესებას იწვევს. როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, ეს არის პროექტი, რომელიც მათთვის აქამდე უცნობ, ძალიან საინტერესო და მდიდარ სამყაროს ხდის ხელშესახებს. პროექტის პრეზენტაციები გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.